суббота, 26 января 2013 г.

მუზამ ბოლომდე დამაღალატა:
ლექსები ვერც აქ მოვისახადე...
ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.

გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით...
ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.
არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს...
ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.

უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ,
სიკვდილს სიფათში ვენაფაზები
და ყელში ლექსად ამომდის ძმაო,
ამ წუთისოფლის მეტასტაზები.
ხელისგულებზე დაწყვეტილი ხაზები მეწვის
და ამ ხელებით დავუხუჭავ ნოემბერს თვალებს,
ცას შეატყუეს დეკემბერი - ქალივით ბერწი
და დაკვნეტილი ფრჩხილებივით მზის ჩასვლას მალავს.

ბჟუტავს ცა - ღვთისმშობელის მკრთალი პროფილი,
ახლა თუ გინდა დამაბრალე წასვლაც და მოსვლაც,
დგანან ჭადრებად აწოწილი და კმაყოფილი
სიჩუმეები. რა ხანია ცხოვრებას მოვრჩი.

თუ გინდა ახლა ზამთარს მიმცენ გასამეტებლად...
ეშმაკებივით დამყვებიან კვალში ქარები.
ესეც ბედია, ვიწრო სულში ვერ ჩაგეტევი,
პოეტი ვარ და ჩვეულებრივ ვერ მეყვარები.